საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გორში გამართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებაზე.
ბაია კვიციანის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მშობელთა მხარდაჭერა წარმოადგენს და სწორედ ამ მიზნით, ექვს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია პოზიტიური მშობლობის სესიების ჩატარება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ფოკუს ჯგუფი, სადაც მონაწილეებმა გამოავლინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
გორში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები.