საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო პერსონალის მე-12 საერთაშორისო კვირეულის გახსნის ღონისძიებაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ზვიად გაბისონიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმაზე გაამახვილა, რომელიც განათლების ხარისხის ზრდასა და ხელმისაწვდომობის გაფართოებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, საქართველო სრულად არის ინტეგრირებული ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში და წარმატებით ახორციელებს ბოლონიის პროცესის პრინციპებს.
პერსონალის მე-12 საერთაშორისო კვირეული, რომელიც ევროკავშირის პროგრამა Erasmus+-ის ფარგლებში ტარდება, 8 მაისს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია როგორც აკადემიური, ასევე კულტურული ღონისძიებები.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობს ევროპის 16 ქვეყნის თსუ-ის 45 პარტნიორი უნივერსიტეტის 63 წარმომადგენელი. კვირეულის მთავარი თემა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებაა.
