საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-16 საერთაშორისო კვლევით კონფერენციაში (IRCEELT) მიიღო მონაწილეობა.
ზვიად გაბისონიამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის, კვლევების განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სასწავლო პროცესში კვლევებზე დაფუძნებული მიდგომების გაძლიერებასა და ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიან ინტეგრირებას. მისი თქმით, საქართველო მზად არის უპასუხოს ყველა თანამედროვე გამოწვევას და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსგავს კონფერენციებში ჩართულობას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები შეეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ინოვაციები განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო პროცესში, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების თანამედროვე მეთოდები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, კულტურა და ლიტერატურა. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ფარგლებში მომზადებული გამორჩეული სტატიები საერთაშორისო აკადემიურ გამომცემლობა Cambridge Scholars Publishing-ის გამოცემაში დაიბეჭდება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მსგავსი კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს მკვლევრების, პრაქტიკოსების, პოლიტიკოსებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, განათლების სფეროში არსებული გამოწვევების განხილვას, პროფესიულ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე, თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის გამყარებას და კვლევის შედეგების დანერგვის ხელშეწყობას.