საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა, ,,საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის" ფარგლებში განათლების მიმართულებით მიმდინარე აქტივობების დინამიკა განიხილეს, ბოლო ექვსი თვის მანძილზე მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის გაძლიერების პროცესში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ბაია კვიციანმა მსოფლიო ბანკის უფროს ეკონომისტს და პროგრამის მენეჯერს რენატა ლემოსს, რომელმაც აღნიშნული პროგრამით მისია დაასრულა, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ და პროგრამის ახალმა მენეჯერმა ანა ბერძენაძემ თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორებში რეფორმების განხორციელებას. პროგრამის მიზანია ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის ზრდა, ციფრული ტრანზიციის ხელშეწყობა, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაძლიერება.