საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს. საუბარი შეეხო დოკუმენტის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ტერმინთა განმარტებებს.
აღინიშნა, რომ ტერმინოლოგიაზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება, რათა ტექნოლოგიების, განათლებისა და მეცნიერების თანამედროვე ტენდენციების ამსახველი ტერმინები ქართულ ენაზე მაღალი სიზუსტითა და ხარისხით განიმარტოს.
ზვიად გაბისონიას თქმით, კანონპროექტის მომზადებისას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და დარგის წამყვანი ორგანიზაციების, მათ შორის OECD-ის, სტანდარტების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
საუბარი შეეხო განათლების სამივე საფეხურს შორის კოორდინაციისა და კავშირის გაძლიერების მექანიზმებს, რომელთა სამართლებრივი რეგულირება კანონპროექტით იქნება შესაძლებელი.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ განათლებისა და მეცნიერების სისტემის შესაბამისი ერთეულები უახლოეს ვადაში წარმოადგენენ დამატებით განმარტებებს, დაზუსტებებსა და კანონპროექტზე მუშაობის პროგრესის შესახებ ინფორმაციას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.