განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს" ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
მინისტრის მოადგილე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად დაესწრო ვიზაჟის, კულინარიის, სამკერვალო საქმის, სარესტორნო მომსახურებისა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამების პრაქტიკულ სწავლებას და სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერა.
ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებაში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ.
კოლეჯი „ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში და ერთდროულად 1500-მდე პროფესიულ სტუდენტს ემსახურება.
„ჰორიზონტი“ მსურველებს ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად გრძელვადიან სადიპლომო პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს. ამ ეტაპზე, კოლეჯის სამივე ლოკაციაზე ჯამში 48 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.
ბაია კვიციანი დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაც ეწვია, სადაც ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების სწავლებისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახები დაათვალიერა, სასწავლო პროცესს გაეცნო და პროგრამის მონაწილე მოსწავლეების მიერ შექმნილი ვებგვერდების პრეზენტაციებს დაესწრო.