საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის 103-ე და 147-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია, სადაც გამოცდების პირველი და მეორე სესიის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბიტურიენტებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს წარმატებები უსურვა.
საგამოცდო ცენტრებში ბაია კვიციანთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან მოწონელიძე.
2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, 23-24 ივლისს კი მაგისტრანტობის კანდიდატები სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ. 29 ივლისს გაიმართება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ბოლო გამოცდა და 2026 წლის საგამოცდო პროცესი დასრულდება.
