საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
მინისტრმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ახალგაზრდებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ორმხრივი ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას, რაც ახალგაზრდული კავშირების გაფართოებას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა, პარტნიორობის გაძლიერებისა და სხვადასხვა საკითხის სიღრმისეულად განხილვის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ ჯგუფის პირველი შეხვედრა თურქმენეთში მინისტრისა და მისი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.
შეხვედრის დასასრულს ბატირ მამედოვმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თურქმენეთის განათლების მინისტრი ჯუმამირატ გურბანგელდიევი და საქართველოს ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.