ქალაქ რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა პირველკურსელებს სტუდენტური ცხოვრების დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ასევე მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში ილია ჯალაღანიამ და რუსთავისა და გარდაბნის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში. პირველკურსელთათვის გაიმართა კონცერტი სხვადასხვა არტისტისა და მუსიკალური ჯგუფის მონაწილეობით.
პირველკურსელთა მიღების ღონისძიებაში მონაწილეობა 5 000-მდე სტუდენტმა მიიღო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი
უნივერსიტეტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პირველკურსელთა მიღების ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.