განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იზაბელა კასტროჯიოვანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარებას, მედიაწიგნიერებასა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებში ციფრული უნარების გაძლიერებას.
ბაია კვიციანმა ისაუბრა „ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფარგლებში ინკლუზიური სკოლამდელი განათლებისა და ზრუნვის მოდელის შემუშავებაზე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და ბავშვებისთვის განათლების შემდგომ საფეხურზე შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით UNICEF-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, UNICEF-ის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
