მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ 2026 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებაზე, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მშენებლობის პროცესში განათლების ფუნდამენტურ როლსა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი დიდიე ტღებიუკი.
„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2021 წელს დააწესა. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებიც საკუთარი საქმიანობით განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო და სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.