საქართველოს დელეგაცია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ჯანდაცვა, განათლება და სპორტი ძლიერი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების პერიოდში“.
მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და განათლების სფეროში მიღწევების გაზიარების, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობისა და საქართველო-თურქმენეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ დელეგაციის წევრებთან ერთად საერთაშორისო საგანმანათლებლო საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სადაც საქართველოს კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იყვნენ წარმოდგენილნი. გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ქართული კერძო უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ლავრენტი გუდავაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ჯალაღონიამ და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტრისტან გულბიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს თურქმენეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და წარმომადგენლებთან.