
4 ნოემბერს პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაიწყო. მიმდინარე კვირის ბოლომდე სასწავლო პროცესი საქართველოს
მასშტაბით არსებულ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ყველა პროფესიულ კოლეჯსა და პროფესიული პროგრამების
განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებელში
დაიწყება.
სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
თამარ სანიკიძემ პირადად მიულოცა პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ სტუდენტებს და
მათთან ერთად წარმატებები უსურვა ყველა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს. „სპექტრში“ წელს, სხვადასხვა
პროფესიას 600 სტუდენტი დაეუფლება. მათ
შორისაა რვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი.
2013-2014 სასწავლო წელს, პროფესიულ პროგრამებზე 100-მდე
პროფესიას უფასოდ 9 000–მდე ტესტირების
შედეგად ჩარიცხული სტუდენტი დაეუფლება. თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა
განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ
პროგრამის ხანგრძლივობა მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 2,5 წელია.
მიმდინარე წელს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამებია:
- ტურიზმი, მარკეტინგი, ოფისის მენეჯერი;
- ტრანსპორტი - სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის
შემკეთებელი და სხვა;
- კომპიუტერინგი/ინფორმატიკა (კომპიუტერული ქსელებისა
და სისტემების ტექნიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგი, ვებ ტექნოლოგიები, საბუღალტრო
აღრიცხვა, კომპიუტერული სისტემები და ქსელები;
- მშენებლობა - კალატოზი, მეფილე-მომპირკეთებელი;
- საექთნო საქმე, ფარმაცია და სხვ.
წელს პირველად, პროფესიის
დაუფლების შესაძლებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებსაც აქვთ,
მათი რაოდენობა მიმდინარე სასწავლო წელს 51-ია.
2013 წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ შემუშავდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო
დაწესებულებების პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისა და დაფინანსების გამჭვირვალე და სამართლიანი წესი.
სახელმწიფო საგანმანათლებლო
დაწესებულებების პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა პროფესიულ უნარებში ტესტირების საფუძველზე მოხდა. ტესტირების შედეგების მიხედვით ჩარიცხვის
ბარიერი არ არსებობდა.
სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა იმ
სტუდენტებს მიეცათ, რომლებიც
კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხნენ და ტესტირებისას გადალახეს მინიმალური კომპეტენციის
ზღვარი.