
ევროპის საბჭოს
ინიციატივით 2001 წელი გამოცხადებული იყო ენების ევროპულ წელიწადად და მთელი წლის მანძილზე
ევროპის ქვეყნებში ტარდებოდა ღონისძიებები, რომელთა საზეიმო დახურვის ცერემონიალი დეკემბრის
თვეში გაიმართა ბრიუსელში, სადაც გადაწყდა, რომ 26 სექტემბერი დაეწესებინათ, როგორც
ენების ევროპული დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია მიაპყროს საზოგადოების ყურადღება ენების
შესწავლის აუცილებლობას, გააფართოოს წარმოდგენა ევროპაში გავრცელებულ ენებზე და მთელ
მსოფლიოს მოუწოდოს - „ვისწავლოთ ენები მთელი ცხოვრების
მანძილზე!“
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო ყოველ წელს კონკრეტული ღონისძიებებით აღნიშნავს ამ დღეს.
წელს, 26 სექტემბრიდან, ამოქმედდება ქართულის როგორც უცხო ენის ვებგვერდი (www.geofl.ge), რომელზეც განთავსებულია
„ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამის“ ფარგლებში შესრულებული სასწავლო,
მეთოდური თუ დამხმარე მასალები უცხოელი შემსწავლელებისათვის. სახელმძღვანელოები იქმნება
ენის ფლობის დონეების შესაბამისად და ითვალისწინებს საერთო ევროპულ ენობრივ კომპეტენციებს.
პროგრამა კვლავ აგრძელებს მუშაობას და თანდათან შეივსება ვებგვერდის ყველა ფანჯარა.
ვებგვერდის გამოყენება თავისუფალია.