საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის სახელობის ობსერვატორიასა და პლანეტარიუმს ესტუმრა.
მინისტრს განახლებული ინფრასტრუქტურა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ დაათვალიერებინა და ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გივი მიქანაძე ასევე გაეცნო კონდენსირებული გარემოს ფიზიკისა და ინსტრუმენტული ქიმიური ანალიზის ლაბორატორიების საქმიანობას და პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა.
ასტროფიზიკის ლაბორატორია ამიერკავკასიაში ერთადერთი უნიკალური სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრია თანამედროვე ტელესკოპით, პლანეტარიუმითა და ასტრონომიის კაბინეტით. ობსერვატორია და პლანეტარიუმი განკუთვნილია არა მხოლოდ ასტრონომიის, არამედ ფიზიკისა და ასტროფიზიკის მიმართულებით სწავლებისთვის, ციურ სხეულებზე დაკვირვებისთვის, პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად. ლაბორატორიაში თსუ-ის სტუდენტები და მეცნიერები აკვირდებიან ახლო კოსმოსს.
2025 წელს ლაბორატორია სრულად განახლდა: დამონტაჟდა ახალი ტელესკოპი, აღდგა გუმბათი, განახლდა პლანეტარიუმი და სალექციო სივრცე. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე APM LZOS 175/1400 F/8 Triplet APO Refractor ტელესკოპით.
თსუ-ის ევგენი ხარაძის სახელობის ობსერვატორია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ცენტრს საქართველოში, რომელიც ასტრონომიის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას უზრუნველყოფს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ობსერვატორიასა და პლანეტარიუმში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია იმყოფებოდა.