საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences) პრეზიდენტს, ელჩინ ხალილოვს უმასპინძლა.
მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციური კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას.
როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვაზე სწავლა-სწავლების პროცესში, აგრეთვე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ამასთან ერთად, მიმდინარეობს კვლევა ხელოვნური ინტელექტის შესაძლო რისკებისა და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძონ პარტნიორობა და ხელი შეუწყონ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა და ამავე აკადემიის წარმომადგენელი, პროფესორი დავით აფციაური.
