საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის სამეთვალყურეო კომიტეტის (CDEDU) მე-8 პლენარული სხდომის სესიებში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას ბაია კვიციანმა ისაუბრა საქართველოს განათლების პოლიტიკაზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიულ განათლებაში დემოკრატიული კულტურის გამოყენების შესახებ რეკომენდაციებზე, განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიან გამოყენებაზე.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აქტიურად იყო ჩართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული საგანმანათლებლო ინსტრუმენტის — ციფრული მოქალაქეობის განათლების გეგმის (DCE Planner) — შემუშავებაში, რომელიც უკვე ქართულ ენაზეც არის თარგმნილი.
აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ევროსაბჭო მუშაობას იწყებს ახალი კონვენციის პროექტზე, რომელიც უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების გამჭვირვალობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პირობებს უკავშირდება. სწორედ ამ მიზნით, იგეგმება სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა.
ბაია კვიციანმა გამოთქვა მზადყოფნა და ინტერესი, რომ საქართველოს წარმომადგენელი აქტიურად ჩაერთოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.
პლენარული სხდომის ფარგლებში მონაწილეებმა განათლების ყველა საფეხურზე ევროსაბჭოს განათლების პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. აღნიშნული თემატიკა წევრ ქვეყნებს დაეხმარება განათლების პოლიტიკის ფორმირებაში და ამ სფეროში ახალი ტენდენციების გათვალისწინებაში.